დღეს, თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც სანიაღვრე ქსელების მართვასთან დაკავშირებით ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა წარმოადგინა.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების პრობლემა ქალაქში ერთ-ერთ მთავარ და ძირითად პრობლემად რჩება, რის გამოც საგაზაფხულო სეზონზე ჩნდება პრობლემები, იტბორება ქალაქი. რაც აზიანებს როგორც საქალაქო ინფრასტრუქტურას, ისე კერძო მესაკუთრეთა ინტერესებს. სანიაღვრე ქსელების გაუმართაობაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ 12 მაისს მოსულმა ჭარბმა ნალექმა წყალდიდობის სახე მიიღო.
ზაზა გაბუნია: ""ქრისტიან-დემოკრატებს" მიგვაჩნია, რომ ქალაქში სანიაღვრე ქსელების მართვასთან დაკავშირებული პრობლემაა, ამის მიზეზი კი არაეფექტური მენეჯმენტია. 1999 წლის 22 ივნისს დაარსებული "შპს სანიაღვრე ქსელები" რომლის ერთადერთი და ძირითადი მოვალეობა იყო ეზრუნა სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაზე, სათავე ნაგებობების და საკონტროლო ჭების გაწმენდაზე, 2012 წელს გაუქმდა და მისი უფლებამოსილება გადაეცა შპს "თბილსესრვისჯგუფს", რომელიც ამ საკითხთან ერთად კიდევ რამდენიმე მიმართულებას კურირებს დედაქალაქში. სწორედ ამიტომ გაჩნდა სწორი მენეჯმენტის პრობლემა, რადგან მრავალფეროვანი პროფილის მქონე ორგანიზაციამ ვერ მოახერხა სანიაღვრე ქსელების საკითხზე კონცენტრირებულიყო".
ამ გარემოების გათვალისიწნებით, ქრისტიან-დემოკრატები ითხოვენ, რომ სანიაღვრე ქსელების მართვაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია ისევ ცალკე სუბიექტად ჩამოყალიბდეს, რომლის უმთავრესი და ერთადერთი ფუნქცია სწორედ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა იქნება.