"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევას ითხოვს.
როგორც ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უშიშროების საბჭოს მეშვეობით პასუხი უნდა გაეცეს საზოგადოებაში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველი დამკვირვებლების მონაწილეობასთან დაკავშირებით Gგაჩენილ შეკითხვებს.
"საზოგადოებაში, რაც დრო გადის, მეტი შეკითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად უკრაინაში; როგორი ფორმით დაიგეგმა ეს უხეში ჩარევა მეგობარი ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩემი აზრით, გვაქვს სრული საფუძველი, მიხეილ სააკაშვილს მოვთხოვოთ უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის გამართვა", - განაცხადა ალასანიამ, რომლის განმარტებითაც, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს, "თუ ვის მიერ იქნა დაგეგმილი პოლიტიკური ავანტიურა უკრაინაში და რომელი უწყებების თანამშრომლები იღებდნენ მასში მონაწილეობას".
ამასთან, ალასანიას განმარტებით, სხდომაზე აღნიშნულზე პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.
"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, ხელისუფლების მიერ უშიშროების გაფართოებული სხდომის მოწვევაზე შესაძლო უარის თქმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ და ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის.
"ალიანსმა" ეკა ტყეშელაშვილს უშიშროების გაფართოებული საბჭოს მოწვევის შესახებ წერილი უკვე გაუგზავნა.