დღეს, 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეა. სვიმონ კანანელი იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღეა 10 (23) მაისი. გადმოცემის თანახმად, ის იყო ერთ-ერთი ძე იოსებ დამწინდველისა.
ძველი ქართველი და უცხოელი მემატიანეების ცნობით, წმ. სვიმონ კანანელმა წმ. ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. ქადაგებისას ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა ფსირცხას გამოქვაბულში. აფხაზეთში მან ბევრი იქადაგა და დაამხო კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ხალხს ჩვილი ბავშვების მსხვერპლშეწირვისკენ უბიძგებდა.
ადერკის მეფობის დროს რომაელებმა შეიპყრეს სვიმონ მოციქული და მოჰკვეთეს თავი (ახლაც ამჩნევია იმ ადგილს სისხლის წვეთების კვალი). გადმოცემის მიხედვით, 55 წელს სვიმონ კანანელი წარმართებმა ქრისტეს დარად ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს ნიკოფსიაში, ისტორიული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე.
მორწმუნეებმა იპოვეს მოციქულის გვამი და დიდებით მიაბარეს მდინარის ნაპირას მიწას. IV საუკუნეში მოციქულის სახელზე ახალ ათონში პატარა ეკლესია ააგეს, რომელიც სავარაუდოდ ხის უნდა ყოფილიყო. შემოსევების დროს მუსულმანებმა ტაძარი დაარღვიეს. მოგვიანებით, X საუკუნეში, სვიმონ კანანელის ტაძარი თეთრი თლილი ქვისგან ტაძარი ააშენეს, რომელსაც რესტავრაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა. მათ შორის XIX საუკუნის 80-იან წლებში. ტაძტის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის. არქიტექტურული დეკორიდან ყურადღებას იქცევს ქრისტიანული სიმბოლოების - თევზის, ლომისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებანი. 1830 წელს აქ ბერებმა სვიმონ კანანელის გამოქვაბულში გაჭრეს მეორე შესასვლელი.