რუსეთის დუმამ მიტინგებზე დარღვევებისათვის ჯარიმების გაზრდის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. გარდა ფულადი დასჯისა დეპუტატები დამრღვევთათვის "აუცილებელი სამუშაოს" დაწესების ინიციტივითაც გამოდიან.
დუმამ კანონპროექტი ფრაქცია "ედინაია როსიას" ხმებით პირველი მოსმენით მიიღო. მომხრე 236 დეპუტატი აღმოჩნდა, წინააღმდეგი - 207, თავი შეიკავა 1-მა დეპუტატმა.
შესწორებების მიხედვით, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აქციაზე მართლაწინააღმდეგო ქმედებების დაშვების შემთხვევაში 1.5 მილიონი რუბლით დაჯარიმდებიან, ჩვეულებრივი მონაწილეებისთვის კი ჯარიმის მაქსიმალური ზღვარი 1 მილიონი რუბლია.
კანონპროექტით ასევე შემოღებული დასჯის ისეთი ტიპი როგორიცაა სავალდებულო სამუშაო 200 საათამდე დროით.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მეორე მოსმენისათვის ჯარიმების რაოდენობა დაიკლებს.
დღესვე რუსეთის დუმის შენობასთან ოპოზიციის წარმომადგნლები შეიკრიბნენ და დუმის მიერ კანონპროქტის მიღებას აპროტესტებდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ადამიანების რაოდენობა სულ 50-მდე იყო. მათ ხელში ეკავათ შემდეგი შინაარსის პლაკატები: "გაბერეთ ჯარიმები და მოთმინება გასკდება!" "მიტინგების აკრძალვა - გზა რევოლუციისკენ!" ასევე პლაკატებზე იყო მოწოდება 27 მაისს ნოვოპუშკინსკის სკვერში აქციის გამართვის შესახებ. პოლიციამ იქ დაკავებები განახორციელა.