დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოში უძრავი ქონების მასობრივი შეფასების პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საჯარო რეესტრის, შემოსავლების სამსახურის, ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კონტროლის პალატის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ქალაქ თბილისის მერიის, აგრეთვე, კომერციული ბანკების, აუდიტორული და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები და კერძო შემფასებლები.
პროექტის მიზანია, წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავებულ იქნას უძრავი ქონების მასობრივი შეფასების უნიფიცირებული მოდელი, რომელიც პირველ ეტაპზე გამოიყენება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.
უძრავი ქონების შეფასების საკითხი აქტუალურია როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ისე ქონების გადასახადის ადმინისტრირების, იპოთეკური სესხის თუ სხვა ასპექტით. ქვეყანაში ქონების შეფასებას აუდიტორები და შემფასებლები ახდენენ, ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემოსავლების სამსახური, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ქ. თბილისის მერია და სხვ.) კი ამავე მიზნით მოქმედებენ შესაბამისი შეფასების სამსახურები.
მასობრივი შეფასების სისტემის პროექტი უზრუნველყოფს საქართველოში უძრავი ქონების შეფასებაში უნიფიცირებული, სტანდარტიზებული მიდგომის დამკვიდრებას. სემინარზე განხილული იქნება შვედური გამოცდილება მასობრივი შეფასების მიმართულებით და საქართველოში ანალოგიური სისტემის ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებათა გეგმა, მასობრივი შეფასების მეთოდოლოგიისა და თრენინგის ჯგუფის, აგრეთვე საკოორდინაციო საბჭოს ფორმირების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
შვედი ექსპერტი ჰ. სოდერბლომი სემინარის მონაწილეებს გააცნობს მასობრივი შეფასების შვედურ მოდელს, ხოლო საჯარო რეესტრის წარმომადგენლები ისაუბრებენ უძრავი ქონების ბაზრის ანალიზისა და პროგნოზის სისტემის და ქონების ბაზრის განვითარების მხარდამჭერი სხვა პროექტების შესახებ.
სემინარი მნიშვნელოვანია როგორც კერძო, ისე საჯარო სუბიექტებისათვის. მასობრივი შეფასების პროექტი შექმნის საშუალებას, უძრავი ქონების შეფასება განხორციელდეს ელექტრონულად, ერთიანი პროგრამული უზრუნველყოფით, მაქსიმალური სიზუსტით, უნიფიცირებული მეთოდოლოგიითა და სტანდარტებით.
საქართველოში მასობრივი შეფასების სისტემის პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები