დღეს, 21 მაისს, 09:00 საათზე, საქართველოს ყველა რაიონის 1600-ზე მეტ სკოლაში, მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებებზე მუშაობას დაიწყებენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წლევანდელი გამოსაშვები გამოცდებისთვის ცენტრში სპეციალური პროგრამა, ე.წ. naec web browser-ი შეიქმნა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ტესტირების დაცულობასა და საიმედოობას. პროგრამა ზღუდავს ყველა სტანდარტულ პროცედურას ტესტირების განმავლობაში (მაგ.: ფრაზის კოპირება და ა.შ.). კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი ალგორითმისა და კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ჩატარდება.
გამოსაშვები გამოცდები 8 საგანში ბარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ.
გამოცდები კომპიუტერულად, ე.წ. CAT-ის სისტემით ტარდება. საგამოცდო ოთახებში იმუშავებს ვიდეოკამერა და ხმის ჩამწერი აპარატურა. საგამოცდო პროცესში 2000-ზე მეტი მეთვალყურეა ჩართული.
ყველა მოსწავლემ საკუთარ სკოლაში მიიღო მოსაწვევი, სადაც მითითებულია 8-ვე გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო. მეთორმეტეკლასელები გაეცნენ გამოცდაზე ქცევის ინსტრუქციას. მოსწავლემ გამოცდაზე თან უნდა იქონიოს მხოლოდ მოსაწვევი, პირადობის მოწმობა და კალამი. მას უფლება აქვს თან იქონიოს პირადი ჰიგიენის ნივთები (მაგ.: ცხვირსახოცი) და წყალი პლასტმასის ბოთლით. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გამოცდების მიმდინარეობას 10.00 საათიდან #52-ე საჯარო სკოლაში დააკვირდება.
გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობისას გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჟურნალისტებისათვის მედიაცენტრი იმუშავებს. მედიაცენტრის მიზანი, გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლების მუშაობის ხელშეწყობაა.