ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 2009 წლის ოქტომბერ - ნოემბერში წყალდიდობის შედეგად სოფელი თითქმის მთლიანად დაიტბორა. მდინარე კაბალიდან გადმოვარდნილმა წყალმა ნაკვეთები ქვა - ღორღით გაავსო, რის გამოც ადგილობრივები მის დამუშავებას ვერ ახერხებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
როგორც უზუნთალას მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, სოფლის მოსახლეობა თავს სათბურებში ნაადრევად მოყვანილი ბოსტნეულის გაყიდვით ირჩენს. ადგილობრივების თქმით, მიწის გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად დახმარებისათვის ლაგოდეხის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
„სტიქიის შედეგად სოფლის სახნავ - სათესი და საკარმიდამო ნაკვეთები ლამით და ქვით არის სავსე. მიწის გაწმენდას მოსახლეობა დამოუკიდებლად ვერ ახერხებს. ხალხს ისედაც უჭირს და კიდევ უფრო გაუჭირდება. ბევრი ოჯახი თავს ამჟამადაც ძლივს ირჩენს. სტიქიის დროს წყალმა მათ მომარაგებული სურსათ - სანოვაგე და შეშა მთლიანად წაართვა", - აღნიშნა უზუნთალას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ჯემალ ნიაზოვმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის დიმიტრი ლოლაძის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაზარალებულ სოფელს დახმარება შეძლებისდაგვარად გაუწია. „უზუნთალაში მცხოვრებ ყველა ოჯახს თითო ტომარა პურის ფქვილი დაურიგდა. ბიუჯეტიდან გამოყოფილი 120 000 ლარით სოფელთან მისასვლელი გზა და ხიდი აღვადგინეთ. რაც შეეხება ნაკვეთებს, რა, მე ხომ არ გავუსუფთავებ მიწებს? ქვიშისა და ღორღისგან მოსახლეობან ნაკვეთები თავად უნდა გაწმინდოს", - განაცხადა გამგებლის მოადგილემ.
სოფელ უზუნთალაში დღემდე უსახლკაროდ არის დარჩენილი 21 წლის ჯეიჰუნ რამაზანოვის ოჯახი. წყალდიდობის შედეგად მისი სახლი მთლიანად დაინგრა. ხელისუფლებას დაზარალებულისთვის დახმარება არ გაუწევია. ამის მიზეზად ლაგოდეხის გამგებლის პირველი მოადგილე იმას ასახელებს, რომ რამაზანოვებს საჯარო რეესტრში სახლი საკუთრებად დარეგისტრირებული არ ჰქონდათ და დოკუმენტები არ აქვთ.