ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი პირველად მონაცემებზე დაყრდნობით კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღავნელის გელა მთივლიშვილის დაკავებას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლად აფასებს. საიამ უკვე გაუშვა ადვოკატი თიანეთში, რომელიც ადგილზე შეისწავლის სიტაუციას.
„შოთა უტიაშვილის კომენტარი არ მინახავს. სამწუხაროდ, ჩვენ უშუალო კონტაქტი გვაქვს გელა მთივლიშვილთან, რომელიც ამბობს, რომ შეათრიეს პოლიციის შენობაში, წაართვეს აპარატურა და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გელა მთივლიშვილი ერთ საათზე მეტხანს იმყოფებოდა პოლიციის შენობაში ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ვიცით გელასგან", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც საიას ადვოკატი ამირან ზენაიშვილი თიანეთში ჩავა, საია უფრო დეტალურ შეფასებას გააკეთებს.
„რა თქმა უნდა ეს წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას და მის უკანონო დაკავებას. ცემის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ ფაქტით ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით. ჩვენი ადვოკატი ამირან ზენაიშვილი უკვე გზაშია და როცა ის ჩავა მეტი ინფორმაცია გვექნება. შესაბამისად, უფრო დეტალურად შევძლებთ შეფასებების გაკეთებას", - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
მისივე განცხადებით თუ კი გელა მთივლიშვილის მონაყოლი დადასტურდა მაშინ ადგილი აქვს პოლიციის მხრიდან რამდენიმე დანაშაულის ჩადენას.
„თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, რასაც გელა ამბობს, მაშინ რამდენიმე დანაშაულის ნიშანი იკვეთება. კერძოდ, ჟურანლისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, ფიზიკური ძალადობა, არასათანადო მოპყრობა და სხვა. თუმცა დეტალური შეფასება იქნება მას შემდეგ რაც გელას დაელაპარაკება ჩვენი ადვოკატი და პოლიციის არგუმენტებსაც მოვისმენთ", - აცხადებს ჩუგოშვილი.
მთივლიშვილი დღეს თიანეთის პოლიციამ დააკავა. როგორც ჟურანლისტი ამბობს, მასზე ფიზიკურთან ერთად ფსიქოლოგიური ზეწოლაც განხორციელდა, ამ დროისთვის მთივლიშვილი თიანეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.