„ძალიან ცუდად ვარ. ახლა დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, ფიზიკურად არ შემიძლია. თავი მტკივა, კედელზე ან კარებზე მიმარტყმევინეს. ძლიერი ტკივილი მაქვს. წიხლები მირტყეს, აპარატურა წამართვეს და ყველაფერი წამიშალეს. ცოტა დავმშვიდდები და დეტალებს მერე მოგიყვებით", - აცხადებს გელა მთივლიშვილი მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.
მთივლიშვილი ამ წუთებში თიანეთის საავამდყოფოშია გადაყვანილი და ექიმები სინჯავენ. ჟურნალისტი თავს ცუდად გრძნობს და საუბარი უჭირს.
ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილის განცხადებით, მთივლიშვილს ყველა მასალა წაუშალეს და შუერაცხყოფა მიაყენეს. ასევე ზურიაშვილის ცნობით, დაკავებული ჟურნალისტი სასწრაფო დამხარების გამოძახებას ითხოვდა, მაგრამ მისი თხოვნა პოლიციელებმა არ დააკმაყოფილეს.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, მთივლიშვილი პოლიციას არ დაუკავებია.
- თავად შევარდნილა პოლიციის შენობაში. პოლიცია ეხვეწებოდა დაეტოვებინა შენობა და ის არ გადიოდა.
- როგორ წარმოგიდგენიათ, რაიონში სამუშაოდ წასული ჟურნალისტი დაკავებას რატომ უნდა ითხოვდეს? იქნებ ზუსტად გაგერკვიათ რა მოხდა და მერე მოგეწოდებინათ ინფორმაცია?
- არ ვიცი, არ ვიცი. რაც ვიცი ისაა, რომ ახლა თავისუფალია უკვე და დატოვა პოლიციის შენობა.
მთივლიშვილის დაკავების ფაქტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა. ქარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უტიაშვილის განცხადება მინიმუმ უპასუხისმგებლოა.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოიძიოს ქარტიის საბჭოს წევრის, გელა მთივლიშვილის მიმართ თიანეთის პოლიციაში მომხდარი ფაქტი. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შოთა უტიაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარი უნდა მივიჩნიოთ სამინისტროს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად. უკანასკნელ პერიოდში ჟურნალისტების მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტებზე სამინისტროს უმოქმედობა არის წამახალისებელი ფაქტორი ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განსახორციელებლად, დღეს მომხდარი ფაქტიც ამ უმოქმედობის შედეგია. სწორედ ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით", - წერია ქარტიის განცხადებაში.
მთივლიშვილის დაკავებას შეშფოთება მოჰყვა სოციალურ ქსელ ფეისბუკში.
ჟურნალისტი ია ანთაძე აცხადებს, რომ როცა გელა მთივლიშვილს ასეთ გამოცდილ ჟურნალისტს ამას უბედავენ, გაცილებით დაუცველი და სუსტი ჟურანლსიტები ბევრად მძიმე მდგომარეობაში არიან.
„გელას რომ ამას გაუბედვენ, სხვას, გაცილებით დაუცველს და სუსტს - რას უზამენ. ძალიან უხეში ფორმით შეიყვანეს და აპარატიდან ყველაფერი წაუშალეს", - აცხადებს ანთაძე და დასძენს, რომ „უტიაშვილის განცხადებები ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია".
შეგახსნებთ, რომ დღეს თიანეთის პოლიციამ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი დააკავა, მაშინ როცა მთივლიშვილი თიანეთის პოლიციის შენობას იღებდა. რის შემდეგაც მას კამერის წართმევა დაუპირეს, მაგრამ რადგან ჟურნალისტმა კამერა არ მისცა, დააკავეს.
შემთხვევის თვითმხილველია "ქართული ოცნების" წევრი რუსუდან სისაური, რომელსაც მთივლიშვილი გადაღებამდე ესაუბრებოდა.
სისაური ამბობს, რომ გელა მთივლიშვილი იმყოფებოდა ქართული ოცნების ოფისში, რათა გაეშუქებინა მათი ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომელსაც მისი თქმით სოციალური დახმარება იმიტომ შეუწყვიტეს, რომ „ქართული ოცნების" ლიდერებს შეხვდა.
სისაური აცხადებს, რომ დაკავებამდე მთვილიშვილმა გადასცა თავისი მობილური ტელეფონი და სთხოვა, რომ არ დაეტოვებინა მისი მანქანა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი