დავით გარეჯის დაბრუნების მოთხოვნით, 20 მაისს, თბილისის ქუჩეში დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნების" წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის პრეზიდენტ ირაკლი ქოქოსაძის განცხადებით, "შავფაროსნები" საინიციატივო ჯგუფს "დაიცავი დავით გარეჯი" აქციის ორგანიზებაშიც დაეხმარებიან.
"დავით გარეჯის საბოლოოდ დაკარგვის საფრთხე - ეს არის თემა, რომლის გარშემოც ყველა ქართველი უნდა გავერთიანდეთ. ქართული საბრძოლო ხელოვნება ადრე სამშობლოს მახვილით დაცვას გულისხმობდა. დღეს 21-ე საუკუნეა და ბრძოლის მეთოდები შეიცვალა. "შავფაროსნები" ჩვენს ვალდებულებად მივიჩნევთ საქართველოს ტერიტორიის ყველა გოჯი დავიცვათ, მით უმტეს, რომ საქმე ეხება ისეთ წმინდა ადგილს, როგორიცაა დავით გარეჯი. საინიციატივო ჯგუფ "დაიცავი დავით გარეჯის" ინიციატივით გამართული საპროტესტო მსვლელობის მიზანია, მოვუწოდოთ საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, ასევე აზერბაიჯანულ მხარეს, დიპლომატიური გზით, გარეჯის სამონასტრო კომპლექსისი საკითხი გადაიჭრას. წარსულისკენ ხელის გაშვერით და სხვისთვის რამის გადაბრალებით პრობლემა ვერ გადაიჭრება. დღეს უნდა გამოინახოს გზა, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-რელიგიურ ძეგლს შეგვინარჩუნებს. ამისთვის საზოგადოების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაც კი, ოდნავ მაინც აღელვებს დავით გარეჯის დაკარგვა, 20 მაისს მსვლელობას შემოუერთდეს. ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში! " -აცხადებს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის პრეზიდენტი.
ცნობისთვის: დავით გარეჯის დაბრუნების მოთხოვნით, 20 მაისს თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა 14:00 საათზე ვაკის პარკიდან აზერბაიჯანის საელჩოს მიმართულებით დაიწყება და ჭავჭავაძის გამზირის გავლით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დასრულდება.
საინიციატივო ჯგუფ "დაიცავი დავით გარეჯის" ცნობით, აქციის ძირითადი მოთხოვნაა, საქართველოს ხელისუფლებამ და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა სატელევიზიო არხებმა საქართველოს მოქალაქეებს სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდონ დავით გარეჯის კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით; ასევე, საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა და პრეზიდენტმა ქმედითი ნაბიჯები გადადგან გარეჯის მონასტრის დეოკუპაციის მიზნით.