სამორი ბალდე ბანკ "რესპუბლიკასთან" ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას აფორმებს
სამორი ბალდე ბანკ "რესპუბლიკასთან" ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას აფორმებს. ბანკის ინფორმაციით, სულ ახლახან დასრულდა ტელეპროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები", რომლის წარმდგენიც ბანკი "რესპუბლიკა" იყო. პროექტის გამარჯვებულმა, სამორი ბალდემ საზოგადოების სიმპათია და სიყვარული დაიმსახურა. მან აჩვენა, რომ დასახული მიზნისკენ ნიჭთან ერთად მონდომება და შრომაა საჭირო.
"რადგანაც, ბანკ "რესპუბლიკას" და სამორის საერთო ღირებულებები აღმოაჩნდათ, ფიზიკური აქტივობა, ინოვაცია, გუნდური სულისკვეთება, პროფესიონალიზმი და საზოგადოებასთან ინტეგრაციაზე ორიენტაცია, ბანკმა გადაწყვიტა სამორი ბალდესთან გააფორმოს თანამშრომლობის ხელშეკრულება და წლის ბოლომდე სამორი ჩაერთოს ბანკის მიერ ორგანიზებულ პროექტებში და სხვადასხვა აქტივობებში", - აცხადებენ ბანკ "რესპუბლიკაში".
აგრეთვე, ბანკი "რესპუბლიკა" დააფინანსებს სამორის პირველი ალბომის ჩაწერას, გამოშვებას და შემდგომ მის პოპულარიზაციას. ამასთან დაკავშირებით, ბანკმა გააფორმა ხელშეკრულება საქართველოში საუკეთესო ხმის ჩამწერ სტუდია "ბრავო რექორდსთან", რომელიც სამორის ალბომს ჩაწერს და გამოსცემს. ალბომის ჩაწერები ივნისში დაიწყება.