დღეს, 18 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "რადისონში" საქართველო-ეგვიპტის ბიზნესფორუმი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ალექსანდრიის ბიზნესმენთა დელეგაცია. ღონისძიება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება. ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა გახსნის. ბიზნესფორუმის გახსნას დაესწრებიან საქართველოს ელჩი ეგვიპტის და სირიის არაბთა რესპუბლიკებში არჩილ ძულიაშვილი და ალექსანდრიის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაჰაა გჰატვარი.
ეგვიპტის ბიზნესდელეგაციაში შემავალი ბიზნესმენები წარმოადგენენ კომპანიებს ფარმაცევტიკის, სამრეწველო, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინჟინრო და საკონსულტაციო სექტორებიდან. მათი მიზანი საქართველოში ბიზნესპარტნიორების მოძიება და საქმიანი ურთიერთანამშრომლობის დამყარებაა. დღის მეორე ნახევარში ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი სექტორების მიხედვით შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართონ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.
საქართველოში ალექსანდრიის ბიზნესმენთა ვიზიტი 20 მაისადმე გასტანს. ამ ხნის განმავლობაში ეგვიპტელი ბიზნესმენები საქმიან შეხვედრებს გამართავენ როგორც ქართული ბიზნესსექტორის, ისე სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებთან.