აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ დაესხა თავს აშშ-სთან დაკავშირებულ გემებსა და ამერიკულ ნავთობის მიწოდებას. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევების გაგრძელება დაუშვებელია.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ მოხდა, რომ ამერიკასთან დაკავშირებული გემები და ამერიკული ნავთობის მიწოდება უკრაინის მხრიდან სამიზნე გახდა. ეს, სავარაუდოდ, განზრახ არ მომხდარა, თუმცა ამ საკითხის მოგვარებაა საჭირო. ამის დაშვება არ შეიძლება“, - განაცხადა რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.
ამასთან, რუბიომ უკრაინასა და რუსეთს შორის ე.წ. ენერგეტიკული ზავის იდეა დადებითად შეაფასა. მისი თქმით, შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს როგორც რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ისე უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერებას.
რუბიოს განცხადება ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაგეგმილი შეხვედრის წინ გაკეთდა. Reuters-ის ცნობით, ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე სწორედ ენერგეტიკული ომის შეჩერების საკითხის დაყენებას გეგმავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ 23 სექტემბერს ნიუ იორკში სერგეი ლავროვისა და მარკო რუბიოს შეხვედრა გაიმართება. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, აშშ-ის მხარეს შეხვედრის შესახებ შეთანხმება ჯერჯერობით არც დაუდასტურებია და არც უარუყვია.