ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილის შეფასებით, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს "გეი აღლუმი" ის თვითგამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. ამის შესახებ მან ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, თუ თავისუფალ ქვეყანაში, აქცია სხვების უფლებების შელახვისკენ არ არის მიმართული, არამედ თვითგამოხატვის ფორმაა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ვინმესთვის, ის ტარდება ხოლმე.
"ჩვენ ან უნდა ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, ან არა. არ შეიძლება ლაპარაკი, რომ გვინდა დემოკრატია და ამ დროს ეს მარტო ჩვენთვის გვინდოდეს" - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება აქციაზე მომხდარ ინციდენტებს, მისი თქმით, ნებისმიერი შეხლა-შემოხლა უკანონობაა და ამას სამართალდამცველები უნდა არეგულირებდნენ.
შეგახსენებთ, დღეს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილი" გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მსვლელობას ფილარმონიიდან კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით აწყობდნენ, თუმცა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის" წარმომადგენლებმა მათ მეტრო "რუსთაველთან" გზა გადაუკეტეს და მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. აქციას გამვლელი მოქალაქეებიც აპროტესტებდნენ. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს.