16 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა გენერალური კომიტეტის თავჯდომარე, იტალიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრი მატეო მიკაჩი ეწვია. მატეო მიკაჩიმ თსუ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ეუთოს როლი დემოკრატიის ხელშეწყობასა და ადამიანური უფლებების დაცვაში."
თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, რომ „სასიამოვნოა რომ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მატეო მიკაჩი მობრძანდა. სტუდენტებს ექნებათ შანსი მასთან, როგორც პირველწყაროსთან გაისაუბრონ, დასვან კითხვები, გაიგონ ეუთოს თვალით დანახული არსებული სიტუაცია და სამომავლო გეგმები პრობლემატიკასთან მიმართებაში. იმედი მაქვს, შეხვედრა საინტერესო და ინტერაქტიული იქნება, დაისმევა კითხვები და საინტერესო პასუხებიც გაიცემა".
"მოხარული ვარ, რომ დღეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის და მათთვის ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის კუთხით საერთაშორისო მასშტაბით განხორციელი ცვლილებების გაზიარების შესაძლებლობა მაქვს; ახალგაზრდებთან, რომლებიც შესაძლოა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით ამ ქვეყნის ახალი ლიდერები გახდნენ. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ბოლო წლებში ამ კუთხით შესანიშნავი პროგრესი განიცადა და აქვს უზარმაზარი პოტენციალი გახდეს დემოკრატიული პროგრესის მაგალითი. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს ბევრი პრობლემა", - განაცხადა მატეო მიკაჩიმ.
მატეო მიკაჩი იტალიელი პოლიტიკოსი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტია. იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ესწრებოდა მრავალ სამთავრობო, საპარლამენტო და არასამთავრობო კონფერენციას დემოკრატიის ხელშეწყობასა და ადამიანური უფლებების დაცვის თემებზე. როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ქვეყნების არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში (მოლდოვა (2009), დიდი ბრიტანეთი (2010 მაისი), ბოსნია ჰერცოგოვინა (2010 ოქტომბერი) აშშ (2010 ნოემბერი) ბელორუსი (2010 დეკემბერი), ყაზახეთი, როგორც ეუთოს მისიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე (აპრილი 2011), მაკედონია და თურქეთი (ივნისი 2011)).