საქართველოს საპატრიარქო სომხური ეკლესიის დაზიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს.
"გამოვთქვამთ, მწუხარებას ა.წ. 14 მაისს ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის შესასვლელის ჩამონგრევის გამო. ეს ტაძარი ქართულ-სომხურ სადავო ეკლესიათა რიცხვს მიეკუთვნება და, ბუნებრივია, მომხდარი ჩვენთვისაც ფრიად მტკივნეულია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ორჯერ დააყენა საკითხი ახოსპირელის ქუჩაზე მდებარე ასევე სადავო ტაძრის გამაგრებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს შეთავაზება ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო სომხური მხარის მიერ არ იქნა გაზიარებული. ადრეც აღგვინიშნავს და ახლაც ვაცხადებთ, რომ ვიდრე ასეთი ტაძრების კონფესიური მესაკუთრე დადგინდება, აუცილებელია სახელმწიფომ მიიღოს სათანადო ზომები მათი დაცვისა და გადარჩენისთვის. ამიტომაც მივმართავთ ხელისუფლებას და ვთხოვთ, შეიქმნას შერეული სამუშაო ჯგუფი საქართველოს საპატრიარქოს, სომხური სამოციქულო ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოს სათანადო სტრუქტურების მონაწილეობით, რათა ერთობლივად მოხდეს ძეგლების შესწავლა და საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარება", - აღნიშნულია განცხადებაში.