ხვალ, 17 მაისს, თბილისის მოდის კვირეული გაიხსნება.
17-20 მაისს, "ბუდა-ბარ თბილისის" მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მოდის რიგით მეექვსე კვირეული გაიმართება. 17 მაისს თბილისის მოდის კვირეული დიზაინერ თამუნა ინგოროყვას კოლექციით და ბრენდ "მავის" აქსესუარებით შექმნილი ფოტოგამოფენით გაიხსნება.
ფოტოგამოფენის შემდეგ, თბილისის მოდის კვირეულის პირველ საღამოს, მხოლოდ ერთი დიზაინერის, აკა ნანიტაშვილის კოლექციის ჩვენება გაიმართება.
როგორც "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე მოდის კვირეულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თაკო ჩხეიძემ განაცხადა, მოდის კვირეულში 9 საუკეთესო დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას. უცხოეთში მოღვაწე დიზაინერებიდან პირველად ქართველი მაყურებლის წინაშე გიორგი შაღაშვილი და ბიბი ბახტაძე წარდგებიან.
მისი თქმით, კვირეულის ფარგლებში 18 მაისს 20-მდე ახალბედა დიზაინერის ჩვენება გაიმართება. ხოლო კვირეულს დახურავს დათუნა სულიკაშვილის შოურუმი.
თბილისის მოდის კვირეულს მოდის კრიტიკოსები ეწვევიან საფრანგეთიდან, იტალიიდან და უკრაინიდან.
ღონისძიებას წარმოადგენს ბანკი რესპუბლიკა, გენერალური სპონსორი - "ეკო-ფუდი"; მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და თბილისის სამხატვრო აკადემია.