ევრაზიის პარტნიორობის ფონდის მთავარ კონსულტანტს, საქართველოში ევროკომისიის მისიის და შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის ყოფილ ხელმძღვანელს პერ ეკლუნდის ,,ქრისტიან-დემოკრატებმა,, საკუთარი გეგმები გააცნეს.
როგორც პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ, მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პერ ეკლუნდი წლების განმავლობაში, მათ შორის რთულ პერიოდში საქართველოში ევროკომისიის მისიის ხელმძღვანელი იყო, შესაბამისად, მას დამატებითი ახსნა-განმარტება არ სჭირდება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი პოლიტიკური პარტია რა პასუხისმგებლობით მოქმედებს საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე.
„ეკლუნდმა იცის, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ყოველთვის დემოკრატიის სამართლიანობისა და ამავე დროს სახელმწიფოს სტაბილურობის პრინციპებით ხელმძღვანელობდა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ბატონი ეკლუნდისთვის ინფორმაცია მიგვეცა, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალი არჩევნების შესახებ ქვეყანაში კონკურენტული საარჩევნო სივრცე და გარემო იყოს. ამან, პოლიტიკური და პირველ რიგში საარჩევნო პროცესებისადმი საქართველოს მოსახლეობის ნდობის წინაპირობა უნდა შექმნას. ეს, საქართველოს გრძელვადიანი, დემოკრატიული ტრანსფორმაციის შეურყევლობას, სახელმწიფო სტაბილურობას და ევროპასთან ინტეგრაციას განაპირობებს. ამ თემების შესახებ „ქრისტიან-დემოკრატებსა" და ბატონ ეკლუნდს ფაქტობრივად ერთობლივი მიდგომები გვაქვს."- აღნიშნა თარგამაძემ.
პერ ეკლუნდი საქართველოში ოპოზიციური პარტიების, ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. იგი საქართველოს შესახებ ანგარიშს ამზადებს.