საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მესამე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ამჯერად განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, ხალხებს შორის ურთიერთობა, აშშ-სთან სხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის, საქართველოსთვის ფუნდამენტია.
"ამერიკის შეერთებული შტატების წლების განმავლობაში დებდა და დებს პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოში, როგორც რესურსების მხრივ, ისე განათლების სფეროში დახმარების კუთხით - ჩვენს არაერთ ახალგაზრდას ჰქონდა საშუალება განათლება აშშ-ში მიეღო", - განაცხადა ბოკერიამ, რომლის განმარტებითაც, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეეხო.
ბოკერიას განმარტებით, მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიაზედაც იმსჯელეს. მან იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები ოფიციალურ თბილისს მის განხორციელებაში დაეხმარება.