ხვალ, 16 მაისს, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნების" წარმომადგენლები დავით გარეჯის მონასტერს მოინახულებენ და სამონატრო კომპლექსის გარშემო შექმნილ ვითარებას გაეცნობიან.
„შავფაროსნების" პრეზიდენტის ირაკლი ქოქოსაძის განცხადებით, ქართული საბრძოლო ხელოვნება თავისთავად ქვეყნის სამსახურში ყოფნას და მის დაცვას გულისხმობს, დავით გარეჯი კი, ისტორიული მემკვიდრეობაა და თითოეული ქართველისგან მისი დაცვა სავალდებულოდ მიაჩნიათ.
"დღეს სხვა ეპოქაა და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის სხვა მეთოდები არსებობს. არ შეიძლება ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-რელიგიური ძეგლის დაკარგვას ასე მშვიდად შევხდეთ. ყველამ ჩვენი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ და ერთად ვიზრუნოთ მისი დაბრუნების გზების მოძიებაზე. ვისაც სურვილი ექნება შეუძლია ხვალ ჩვენთან ერთად წამოვიდეს გარეჯში",-აღნიშნა ირაკლი ქოქოსაძემ და დასძინა, რომ დავით გარეჯში წასვლის მსურველები ხვალ 13.00 საათზე სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მომლოცველებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულება აუკრძალეს და განუცხადეს რომ სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანს ეკუთვნის.