საქართველოს სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია იტალიელი პარლამენტარი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე მატეო მეკაჩი.
ვიზიტის ფარგლებში, იტალიელი პარლამენტარი შეხვდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს.
მატეო მეკაჩი დაინტერესდა, როგორც აფხაზეთიდან, ასევე ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ოჯახების მდგომარეობით. მინისტრთან ერთად იტალიელმა პარლამენტარმა მოინახულა თბილისში, მუხიანის რაიონში მდებარე კოლექტიურ ცენტრ ,,ოპტიკა" ში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი 64 ოჯახი და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
კობა სუბელიანი და მატეო მეკაჩი წეროვანის დევნილთა დასახლებასაც ესტუმრნენ და დევნილ ოჯახებს გაესაუბრნენ. სტუმარმა ასევე დაათვალიერა წეროვანის საჯარო სკოლა. დღესვე მატეო საოკუპაციო ხაზს დაათვალიერებს.
ვიზიტის ფარგლებში მატეო მეკაჩი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს და სხვა ოფიციალურ პირებს. მატეო მეკაჩი საქართველოს 17 მაისს დატოვებს.