საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბაშვილი აცხადებს, რომ "პუტინის გვერდით უზნეო ქართველები დგანან, მათ შორის პუტინის გუნდის ქართველი თანამშრომელი ნოღაიდელი, რომელიც მის ბრძანებებს ასრულებს.~ ეს განცხადება გაბაშვილმა ნოღაიდელის ვიზიტის კომენტარისას გააკეთა.
მისი თქმით, ნოღაიდელი იმას აკეთებს, რასაც პუტინი "დაუკვეთავს'', ამიტომაც ნოღაიდელის უკრაინაში ვიზიტი გასაკვირად არ მიაჩნია.
იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ნოღაიდელის ქმედებებს ქართული საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს.
"ნოღაიდელი დგას იმ ადამიანის გვერდით, რომელიც საქართველოს მტერია. პუტინმა უთხრა და წავიდა უკრაინაში, ეს გასაკვირი არ არის. ყოველთვის იყვნენ მოღალატეები და კვლავ იქნებიან, თუმცა ქართველი ხალხი პატრიოტ ადამიანებს სცემს პატივს და არა მოღალატეებს. ამიტომაც დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება ნოღაიდელის ამ ქმედებებსაც ადეკვატურად შეაფასებს,'' - განაცხადა გაბაშვილმა.