რუსეთი უკვე სრული და საბოლოო ანექსიის ფაზაზე გადავიდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, რასაკვირველია, სრულად დუმს საქართველოს სამარცხვინო საგარეო საქმეთა სამინისტრო, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს' ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხაად.
მისი თქმით, საგარეო უწყება მხოლოდ მაშინ ცოცხლდება, როდესაც ევროპელი ელჩია დასატუქსი და გასალანძღი.
განცხადებები, რომელიც დღეს კრემლიდან გავრცელდა, არის სრულიად საგანგაშო და მოითხოვს დაუყონებლივ რეაგირებას ქართული მხარის მხრიდან.
დღეს უკვე პირდაპირ გამოცხადდა, რომ დაწყებულია ე.წ. ორი ოსეთის ფორმალურად გაერთიანების პროცესი.
გარდა იმისა, რომ არ არსებობს არავითარი ორი ოსეთი, არამედ არსებობს ცხინვალის რეგიონი, საქართველოს ძირძველი კუთხე და მთის გადაღმა ოსეთის რესპუბლიკა, ეს არის პირდაპირი განაცხადი რუსეთის ფაშისტური ფედერაციის მხრიდან, რომ სუსტი და უმოქმედო ქართული რეჟიმის პირობებში, რომლის მეშვეობითაც რუსეთმა საქართველო აქცია იზოლაციაში მყოფ, უსუსურ წარმონაქმნად, ასეთი რეჟიმის პირობებში რუსეთი უკვე სრული და საბოლოო ანექსიის ფაზაზე გადავიდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში, რასაკვირველია, სრულად დუმს საქართველოს სამარცხვინო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მხოლოდ მაშინ ცოცხლდება, როდესაც რომელიღაც ევროპელი ელჩია დასატუქსი და გასალანძღი. საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ხმა არ გაიღო ირანის ელჩის მიერ გაკეთებული ღია და პირდაპირი მუქარების წინააღმდეგ! რომელიც არსად და აღარასდროს იცავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და სუვერენულ საგარეო პოლიტიკურ უფლებებს!
იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა გმირმა, გიორგი ანწუხელიძემ და მისმა გმირმა თანამებრძოლებმა დღეს კიდევ ერთხელ ამხილეს რუსეთის ფაშისტური ფედერაცია, სწორედ ამ დღეს, საქართველოს ე. წ. პრემიერმა გაბედა ტოლობის ნიშანი დაესვა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასა და ევროპარლამენტის "ქოცურ" არაღიარებას შორის. ამით მან კიდევ ერთხელ შეურაცხყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მისთვის მებრძოლი გმირები და არაღიარების კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკა, რომელზეც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტი დგას. რასაკვირველია, ამით ის დღეს კიდევ ერთხელ დაესხა სწორედ იმ ევროპარლამენტს, რომელიც არაღიარების პოლიტიკის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია.
ეს არის ქართული ჯარის მძარცველი რეჟიმის მორალური და პოლიტიკური კატასტროფა!" - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.