დღეს, 15 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია სამინისტროს ახალი პროექტის შესახებ. პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი მარინა ბერიძე, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე და მუსიკოსი ედიშერ სავიცკი.
პროექტის მიზანია რეგიონების მუსიკალურ სასწავლებლებში პროფესიული დონის ამაღლება და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და ითვალისწინებს საზღვარგარეთ წარმატებული ცნობილი ქართველი მუსიკოსების ტურნეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროექტის ფარგლებში მუსიკოსები კონცერტების გარდა, სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებს მასტერკლასებსაც ჩაუტარებენ.
პროექტს გახსნის ცნობილი ქართველი პიანისტი, "იამაჰას" პირველი ქართველი არტისტი, ედიშერ სავიცკი, რომელიც ტურნეს კახეთიდან, თელავიდან 16 მაისს დაიწყებს.
ედიშერ სავიცკი 1976 წელს თბილისში დაიბადა, მუსიკოსთა ოჯახში. 1983 -1994 წლებში სწავლობდა ნიჭიერთა ათწლედში, პედაგოგ მაია ბერიძის კლასში. 1994 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფესორ ნანა ხუბუტიას კლასი). 1994-1995 წლებში გახდა საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიისა და გრანტის მფლობელი, ხოლო 1995 წელს - საქველმოქმედო პროგრამის "ახალი სახელები" ლაურეატი. 1998 წლიდან, ლექსო თორაძის ხელმძღვანელობით სწავლა განაგრძო ინდიანას უნივერსიტეტში ქალაქ საუსბენდში. 2000 წელს მიიღო "აკონცერტო პიანისტის" სერტიფიკატი. 2001 წელს გახდა რავინიის ფესტივალის ინსტიტუტის სტიპენდიანტი. 2002 წელს გადაეცა "არტისტ დიპლომი", 2002-2005 წლებში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 2006-2007 წლებში მიიღო კატერინ ჰერიკ კობის სტიპენდია მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად.
ედიშერ სავიცკის სახელობის სტიპენდიანტები არიან "ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლეები ირმა გიგანი, ანა კოკოლია, ლექსო პირმისაშვილი, ანა ქსოვრელი, ნინო კუპრეიშვილი, ელენე შავერზაშვილი, ცოტნე ცოცხალაშვილი, დავით ქეცბაია, ანა გოგავა, ანა ყიფიანი.
პრემიები: უილიამ ბერდის საერთაშორისო კონკურსი (მეორე პრემია), ჰილტონ ჰედის საერთაშორისო კონკურსი (პირველი პრემია), მინიაპოლისის კონკურსი (პირველი პრემია) და გრანპრი ("იამაჰას" როიალი - დისკლავირი), მაროკოს საერთაშორისო და კასაბლანკას კონკურსები (ორი გრანპრი).