ორთაჭალაში, გულუას მოედანზე გზა რამდენიმე საათის წინ, გვიან ღამით გაიხსნა. სატრანსპორტო საშუალებებს ამ მიმართულებით გადაადგილება შეუზღუდავად შეუძლიათ.
გზის აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო ტექნიკა.
სტიქიის შემდეგ თბილისის თითქმის ყველა ქუჩა უკვე გაწმენდილია და მოძრაობა თავისუფალია. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. გზის გაწმენდითი და აღდგენითი, წყლის ამოტუმბვისა და სანიაღვრე არხების გასუფთავების სამუშაოები ქალაქის ყველა უბანში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაწყებულია გზებზე ასფალტის საფარის დაგებაც.
ორთაჭალაში სტიქიის შედეგად დაზარალებულმა ოჯახებმა საჭირო დახმარება თბილისის მერიისგან უკვე მიიღეს. 11 ოჯახი დროებით საცხოვრებელ ბინებში გადაიყვანეს. 32 ადამიანს ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ. მუნიციპალიტეტი დაზარალებულებს სადილით გაუმასპინძლდა.
დროებით საცხოვრებელ ბინებში გადაყვანილი მოსახლეობის პირობებს თბილისის მერი გიგი უგულავა პირადად გაეცნო.
ძლიერი წვიმისა და მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად დაზარალებულებს შესაბამისი სამსახურები ეხმარებიან. დაზარალებული ოჯახები მერიამ ტანსაცმლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებითაც მოამარაგა.
შესაბამისი სამსახურები მუშაობას 24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ. თითოეულ თბილისელს წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზარალს მერია აუნაზღაურებს.