ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა 20 იანვარს ტალინში საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ესტონეთი არასოდეს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
"ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველოს მოკავშირეებმა, იციან, რომ უსამართლობამ შესაძლოა რაღაც პერიოდში გაიმარჯვოს. თუმცა, ისტორიას გააჩნია შესაძლებლობების ფანჯრები, რომლებიც ერთხელ გაიღება და შემდეგ დაიხურება. ამიტომ ჩვენ ფხიზლად უნდა დაველოდოთ მათ გაღებას და შემდეგ საკმაო სიბრძნე გამოვიჩინოთ, რომ დავიჭიროთ ეს მომენტი", _ განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი 20-22 იანვარს სამუშაო ვიზიტით ესტონეთს სტუმრობს.
საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგასთან ტომას ჰენდრიკ ილვესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ენე ერგმასთან გამართა მოლაპარაკებები. დაგეგმილია ასევე მისი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტთან.
ვიზიტის ფარგლებში განიხილება როგორც ორმხრივი, ისე ევროკავშირის ფარგლებში მიმდინარე საკითხები.