ესტონეთის პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი აცხადებს, რომ საქართველომ სტრატეგიული მოთმინება და ვალდებულება უნდა გამოიჩინოს თავისი ქვეყნის წარმატებული მშენებლობის საქმეში.
აღნიშნული განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა 20 იანვარს ტალინში საქართევლოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, უშედეგო იქნება ენერგიის დახარჯვა იმ პრობლემებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში ვერ მოგვარდება.
"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უახლოეს მომავალში ვერ აღდგება და ამიტომ საქართველომ უნდა გამოიჩინოს "სტრატეგიული მოთმინება და ვალდებულება თავისი ქვეყნის წარმატებული მშენებლობის საქმეში. უნაყოფო იქნება ენერგიის დახარჯვა იმ პრობლემებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში ვერ მოგვარდება", _ განაცხადა თომას ჰენდრიკ ილვესმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი 20-22 იანვარს სამუშაო ვიზიტით ესტონეთს სტუმრობს.
საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგასთან ტომას ჰენდრიკ ილვესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ენე ერგმასთან გამართა მოლაპარაკებები. დაგეგმილია ასევე მისი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტთან.
ვიზიტის ფარგლებში განიხილება როგორც ორმხრივი, ისე ევროკავშირის ფარგლებში მიმდინარე საკითხები.