იმ საცხოვრებლებს, რომლებიც წყლის კოლექტორზეა აგებული და სადაც მოხდა ადამიანების მსხვერპლი, ასეთ ადგილებში მოსახლეობა არ უნდა ცხოვრობდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა . მისი თქმით, ასეთი საცხოვრებლები უნდა დაიშალოს.
"ჩემი აზრით, ისინი უნდა დაიშალოს. ამას სპეციალისტები შეისწავლიან და დასკვნას მოგვცემენ. იქ ცხოვრება სახიფათოა და ეს გუშინდელმა ღამემ დაგვანახა. უნდა ითქვას, რომ ძირითადი პრობლემა შეიქმნა ისეთ ადგილებზე, სადაც თავის დროზე განაშენიანება ქაოტურად, უკანონდ მოხდა. ამას ვერც დავარქმევ სრულფასოვან საცხოვრებელ სახლებს, ეს იყო ავტოფარეხები, საიდანაც გადიხარ ისეთ ადგილას, რომ ვერ წარმოიდგენ, თუ იქ რაიმე შეიძლება არსებობდეს", - განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს გვიან ღამით თბილისში, კოკისპირული წვიმის გამო მოვარდნილმა ღვარცოფმა ორთაჭალაში მთაზე მიწის ნაწილი მოწყვიტა, რამაც კოლექტორი ჩახერგა და წყლის კალაპოტი შეცვალა. ადიდებული მტკვარი კალაპოტიდან სავალ გზაზე გადავიდა. ღვარცოფმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და სხვა ადგილებში ავტომანქანები ამოაბრუნა. დაიტბორა ათეულობით საცხოვრებელი სახლც. დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელეტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. დაღუპულია 5 ადამიანი - სამი ქალი და ორი მცირეწლოვანი.