კოკისპირულმა წვიმამ მტკვრის ადიდება გამოიწვია და მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა.
სავალ გზაზე გადასულმა მდინარემ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანები ამოაბრუნა. შეწყვეტილია საავტმობოლო მიმოსვლა. დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც. დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელეტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.
წყალდიდობის გამო, დედაქალაქში განსაკუთრებით მძიმე ვითარება ორთაჭალაშია შექმნილი. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ყველა სახიფათო კერიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
"ორთაჭალაში ამჟამადაც მიმდინარეობს ევაკუაციია. რაც შეეხება წყლის მიერ ადამიანების გატაცების ფაქტებს, ჯერჯერობით დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგაძემ.
სრულადაა მობილიზებული საგანგებო სამსახური. რთულ უბნებზე იმყოფებიან დედაქალაქის მერი და ქალაქის სხვა ხელმძღვანელი პირები.