პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აჭარაში, ქედის მოსახლეობას შეხვდა და ხელისუფლების მიერ 2012 წელს დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემ საპენსიო და ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე გაამახვილა და ადგილობრივებს სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის გამარტივების თვალსაზრისით შექმნილი მედიაციის სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
იგი რაიონში არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნო და მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
"გატარებული რეფორმების და განსახორციელებელი პროექტების მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებიც არსებობს. ჩვენი მაზანია ადგილზე გავეცნოთ არსებულ პრობლემებს რათა შემდგომ მათი მოგვარების გზებიც დაისახოს", - განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, შეკრებილმა საზოგადოებამ, თავის მხრივ, რეგიონის კეთილდღეობისთვის გაწეული საქმიანობისთვის პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.
ბაქრაძემ ქედის კულტურის სახლი მოინახულა და იქაური აღსაზრდელების ნამუშევრებსაც გაეცნო. კულტურის სახლში სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარია გამოყოფილი. განახლებული კულტურის სახლი 400 მაყურებელზეა გათვლილი.
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარე გორგაძეების ოჯახს ესტუმრა და მათი საფუტკრე მეურნეობა მოინახულა.