„გაზპრომნეფტის“ კუთვნილმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა. მიზეზი 20 სექტემბერს უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარებზე გაჩენილი ხანძრები გახდა.
ამის შესახებ Reuters ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში მომუშავე სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
20 სექტემბერს მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა Telegram-ზე განაცხადა, რომ ქალაქზე დრონების მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. მისი ინფორმაციით, რამდენიმე დრონმა „მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას მიაღწია“.
Reuters-ის წყაროების ცნობით, დრონების ჩამოვარდნის შედეგად ნავთობის პირველადი გადამუშავების ორივე დანადგარზე ხანძარი გაჩნდა, დაზიანებული აღჭურვილობის შეკეთებას ki რამდენიმე კვირა დასჭირდება.
ქარხნის პირველადი გადამუშავების AVT-6 დანადგარის წარმადობა დღეში 21 400 მეტრული ტონაა, რაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მთლიანი სიმძლავრის 53%-ს შეადგენს. ამასთან, პირველადი გადამუშავების კომბინირებული დანადგარის EURO+ წარმადობა დღეში 18 800 ტონაა, რაც დარჩენილ 47%-ს შეადგენს.
როგორც Reuters წერს, 21 სექტემბრიდან მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიები სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე გასაყიდად აღარ გამოუტანიათ.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ 21 სექტემბრის მდგომარეობით, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანების შემდეგ, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის საპროექტო სიმძლავრეების 45%-ზე მეტი მწყობრიდან გამოიყვანეს.