სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია სოფელ წეროვანში, თანამედროვე სასათბურე მეურნეობაში აგრარული უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სამომავლო პროექტები გააცნო.
,,საქართველოში სოფლის მეურნეობის სწრაფი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. სწორედ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების ხვალინდელ დღეს", - განაცხადა ზაზა გოროზიამ.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძეც ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები პროგრამა ,,Summer Job"-ის ფარგლებში სპეციალობების მიხედვით დასაქმდებიან.
სასათბურე მეურნეობამდე სოფლის მეურნეობის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და სტუდენტები ერთად გაემგზავრნენ ავტობუსებით. ტრანსპორტში სპეციალურად განთავსებულ ეკრანებზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ დოკუმენტური ფილმი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და განხორციელებული პროექტების შესახებ.
8500 კვ.მ სასათბურე მეურნეობა სახელმწიფო ინვესტიციით აშენდა, სადაც წელიწადში 300 ტონა უმაღლესი ხარისხის პომიდორი მოყავთ. მეურნეობაში 25 დევნილია დასაქმებული.
სტუდენტებმა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური დაათვალიერეს და მისი კომპიუტერული მართვის პროცესს გაეცნენ. მცენარეების მორწყვა, სასუქის მიწოდება, ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი სათბურში ავტომატურად სრულდება.