კერძო აღმასრულებლებისა და ნოტარიუსების რეგისტრაციას, იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად, აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს. ამის შესახებ ცვლილება "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" და "ნოტარიატის შესახებ" კანონებში შედის.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების თანახმად, კერძო აღმასრულებელთა რეგისტრაციას, კერძო აღმასრულებელთა რეესტრში, ასევე კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიას, ნაცვლად იუსტიციის სამინისტროსი, გასცემს აღსრულების ეროვნული ბიურო.
ბიურო, სათანადო საფუძვლების არსებობისას, ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების თუ გაუქმების შესახებ.
ამასთან, ნოტარიუსის რეგისტრაციას საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში, ნაცვლად იუსტიციის სამინისტროსი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა განახორციელებს. ნოტარიუსთა პალატა ასევე მიანიჭებს ნოტარიუსს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის უფლებას, რის შემდეგაც ნოტარიუსი უფლებამოსილი იქნება სანოტარო საქმიანობა განახორციელოს.
კანონპროექტების ავტორები და ინიციატორები დეპუტატები კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და პავლე კუბლაშვილი არიან.