16-25 მაისს კანის კინობაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი წელს უკვე მეხუთედ იქნება წარმოდგენილი საქართველოს პავილიონით (#105, Village International). პავილიონში ინდუსტრიული კუთხით იმუშავებენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - თამარ ტატიშვილი და სხვა წარმომადგენლები: სალომე სეფაშვილი, დავით ვაშაძე და ქეთი დანელია.
ბაზრობაზე კინოცენტრის შეხვედრები რამდენიმე მიმართულებით გაიმართება სხვა ქვეყნების კინოფონდებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმარება და ქართული პროექტებისათვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება; ევროპულ რეგიონალურ კინოფონდებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება; ახალი ქართული ფილმების ტრეილერების გავრცელება და შეთავაზება სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებისთვის; საქართველოს პოზიცირება, როგორც გადასაღებად მიმზიდველი ქვეყანა. გავრცელდება ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი დისკი - Film and Tourism in Georgia.
18 მაისს, 16 : 30 საათზე, საქართველოს პავილიონში გაიმართება მიღება (Happy Hour) უცხოელი სტუმრებისთვის საქართველოს და ქართული კინოს პოპულარიზაციის მიზნით.
19 მაისს, 15 : 00 საათზე, საქართველოს პავილიონში გაიმართება განვითარებაში მყოფი ქართული კინოპროექტების პრეზენტაცია.
კანის კინოფესტივალზე და კინობაზრობაზე სხვადასხვა მიზნით მიემგზავრებიან ასევე ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები. ლევან კოღუაშვილი, ზურა მაღალაშვილი, რუსუდან გლურჯიძე და თინათინ ყაჯრიშვილი მონაწილეობას მიიღებენ კინობაზრობის ფარგლებში პროგრამა Producers Network-ში. ლევან კოღუაშვილი ინდუსტრიულ სექციაში წარადგენს მხატვრული ფილმის ახალ პროექტს: "მელოტი ბიჭები" ; თინათინ ყაჯრიშვილი საკუთარ ახალ პროექტს - "პატარძლები". ზურა მაღალაშვილი და რუსუდან გლურჯიძე Producers Network -ში წარდგებიან პროექტით "სხვისი სახლი". ისინი კანში ასევე გამართავენ შეხვედრებს სხვადასხვა ფესტივალთან და დისტრიბუტორთან ქართულ-ესპანურ-რუსულ-ფრანგული კოპროდუქციის "თოლიას" თემაზე.
European Film Promotion-ის და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად, წელს, კანის ფესტივალზე, პროდიუსერთა პროგრამაში PRODUCERS ON THE MOVE ნომინირებულია ქართველი პროდიუსერი - ვლადიმერ კაჭარავა კინოპროექტით: "ოცი ნაბიჯი მიწის ქვეშ".
რამდენიმე ქართველი რეჟისორის მოკლემეტრაჟიან ფილმს კი ნახავენ ფესტივალის სექციაში Short Film Corner. ტატო კოტეტიშვილის საკურსო ნამუშევარს "საზამთრო" სექციის Short Film Corner კატალოგში: BEST OF LODZ FILM SCHOOL პოლონეთის კინოსკოლა წარადგენს. ამავე სექციაშია გაბრიელ რაზმაძის შავი თუთა და გიორგი მრევლიშვილის: "არსად და ყველგან".
კანის კინობაზრობა არის მსოფლიო კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა სადაც წარმოდგენილია საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები, ეროვნული კინოცენტრები და სხვა კინოინსტიტუციები. ეს არის უნიკალური პლატფორმა რომელიც საშუალებას აძლევს კინოპროფესიონალებს განავითარონ თანამშრომლობა, გააფართოვონ პროფესიული ქსელი, გააცნონ ერთმანეთს ბოლო პერიოდის მიღწევები და დასახონ სამომავლო გეგმები.