დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა პროექტისთვის „ატვირთე საქართველო გუგლზე" , სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
საჯარო რეესტრი Google Earth-სთვის ახორციელებს პროექტს: „ატვირთე საქართველო გუგლზე". სააგენტოში სტაჟიორების აყვანისა და დასაქმებისს მიზანიც პროცესის სწრაფად წარმართვა და Google-ის უპრეცენდენტო საძიებო სისტემაში ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენაა.
„სულ მალე, Google Earth-ზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა შენობებისა და ნაგებობების ე.წ. 3D (3 განზომილება) ფორმატში ნახვა, ასევე, სხვადასხვა ადგილმდებარეობების (ქუჩა, მოედანი და ა.შ.) პანო¬რა¬მების დათვალიერება. პროექტის ფარგლებში პირველი 3D (სამ განზომილებიანი) გალერეა განახლებული აღმა¬შენებლის გამზირის ფოტოებით შეიქმნა, მალე დასრულდება მუშაობა თბილისის რეაბილიტირებული ნაწილის პანორამული გალერეის შესაქმნელად (ძველი თბილისი, კალა უბანი...). ეტაპობრივად Google Earth-ზე თბილისის ცენტრალური ქუჩები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების პანორამული გალერეაც განთავსდება" - აღნიშნა სოსო წიქარიშვილმა.
Google-ის უპრეცენდენტო საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სივრცობრივი მონაცემები 2011 წლის ოქტომბერში განთავსდა. Google-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებდა. საჯარო რეესტრში წელიწადნახევარის მანძილზე გროვდებოდა გეოგრაფიული და სივრცობრივი მონაცემები იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია დეტალურად ყოფილიყო წარმოდგენილი. ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების შესახებ ვებგვერდზე უკვე დევს. საქართველოდან Google-ის ადმინისტრაციას გაეგზავნა ქვეყნის დეტალური რუკა, სადაც ყველა ინფორმაციაა განთავსებული გზების, მთების, მწვერვალების, ბორნების, მდინარეების, სხვა ღირსშესანიშნაობების და სარკინიგზო მაგისტრალების შესახებ. გარდა ამ ინფორმაციისა Google Map-ში დღეისათვის 100-მდე ქართული ძეგლია ინტეგრირებული მათივე ზუსტი კოორდინატებით.
კონკურსის პირობები:
სტაჟირება ანაზღაურებადია და გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში. სტაჟირების გავლის შემდეგ, წარჩინებული სტაჟიორები დასაქმდებიან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20-35 წლამდე ასაკი ნებიმიერი პირს, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
უმაღლესი განათლება (დაიშვებიან სტუდენტებიც). სასურველია განათლება არქიტექტურის, გრაფიკული დიზაინის, მედია ხელოვნების მიმართულებით.
Autodesk 3D Max-ის ან Google Sketchup-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (3D Max-ის ცოდნა საკმარისია მოდელირების დონეზე);
Adobe Photoshop-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
ორგანიზენულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაბელურობა, გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
სტაჟიორების ფუნქციათა აღწერილობა:
ფოტოგადაღება და ფოტომასალის შეგროვება
ფოტომასალის დამუშავება Adobe Photoshop-ში
შენობის/ნაგებობის 3-განზომილებიანი (3D) მოდელის პროექტირება Autodesk 3D Max-ის ან Google Sketchup-ის მეშვეობით
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
დაინტერესებულმა პირებმა, უნდა გამოამგზავნონ CV და მინიმუმ ორი 3D ნამუშევარი ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: vacancy@napr.gov.ge
კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება 18 მაისს დასრულდება.