თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით 7-11 მაისს თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი "ამირანი" წელს უკვე მეექვსედ გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო ჟიურიმ გამართა მასტერკლასები, უცხოელი და ქართველი სტუდენტების მონაწილეობით მოეწყო პროექტი ONE SHOT MOVIE, რამდენიმე საერთაშორისო კინოსკოლის პრეზენტაცია და რაც მთავარია, საფესტივალო პროგრამა, რომელიც 25 ქვეყნის 60-მდე სტუდენტურ ნამუშევარს მოიცავდა.
საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ნანა ჯორჯაძე (საქართველო), ჯიმ სტარკი (აშშ), ანდჯეი ბედნარეკი (პოლონეთი). ფრანკ ალბერსი (გერმანია) და იანგილ კიმი (სამხრეთ კორეა), შემდეგ ნომინაციებში გამოვლენენ გამარჯვებულებს:
• საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური მხატვრული ფილმისთვის;
• საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური დოკუმენტური ფილმისთვის;
• საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური / ექსპერიმენტალური ფილმისთვის;
• ჟიურის სპეციალური პრიზი.
ასევე, გაიცემა სპეციალური დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რაც ისწავლება მსოფლიოს კინოსკოლებში.
დაჯილდოვების ცერემონიალი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის ღია ეზოში გაიმართება, სადაც ასევე ნაჩვენები იქნება ერთ-ერთი გამარჯვებული ფილმი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, თბილისის მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ტატო ფონდი, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, შვეიცარიის და აშშ საელჩოები საქართველოში.
ფესტივალის პარტნიორები არიან კომპანიები "სარაჯიშვილი", "მააზა", "ყავა პელე", "ნაბეღლავი", "გურიელი" და კომპლექსი "ქალაქური".
მედია პარტნიორები არიან გაზეთები "24 საათი" და "GEORGIA TODAY", ჟურნალი "FOCUS", რადიოები "უცნობი" და "რადიოქალაქი", საინფორმაციო სააგენტო "GHN", ტელეკომპანიები "Music Box" და "რუსთავი 2".