დღეს, 11 მაისს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) ქართველი მხატვრის, ომარ ჩხაიძის პერსონალური გამოფენა "სინათლის ტრანსფორმაცია" გაიხსნება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მხატვრის ექსპოზიციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს.
1992 წლის შემდეგ მოსკოვში მცხოვრები ქართველი ფერმწერი ომარ ჩხაიძე საქართველოში პერსონალური ექსპოზიციით დაბრუნდა. თბილისის ისტორიის მუზეუმში მხატვარი 60-იანი წლებიდან დღემდე შესრულებული ნამუშევრებით წარდგება. აბსტრაქციებით, პორტრეტებით, ნატურმორტით, ნაირგვარი კომპოზიციით აწყობილი ექსპოზიცია მხატვრის მიერ სხვადასხვა ეტაპზე შესრულებულ თითქმის ყველა სერიას აერთიანებს.
დამთვალიერებელი განსხვავებულ ჟანრში შესრულებულ ომარ ჩხაიძის 50 ფერწერულ ტილოს იხილავს.
"სინათლის ტრანსფორმაცია" ექპოზიციის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წევრები, მხატვრები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.