ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საბანკო კრედიტის ხარჯზე გაფართოებისთვის, ფერმერებს ცოდნის ამაღლება ესაჭიროებათ. ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ანგარიშით გამოსვლისას, "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის. გიორგი თარგამაძის საპასუხოდ განაცხადა. თარგამაძე სოფლის მეურნეობის დაკრედიტების სტატისტიკით დაინტერესდა.
ქადაგიძის განცხადებით, სოფლის მეორნეობის დაკრედიტება ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ განვითარებად სამყაროში. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის დაკრედიტება იზრდება და ასეთი ტიპის ზრდას ადგილი არ ჰქონია ბოლო წლებში.
ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით უნდა მოხდეს ფერმერებისთვის საგანმანათლებლო ტრენინგების ჩატარება.
"ხშირ შემთხვევებში, ჩვენი ფერმერები და ბანკირები, განსხვავებული ენაზე საუბრობენ. ამიტომ საჭიროა ჩატარდეს ტრენინგები, რათა ფერმერები იყვნენ გათვითცნობიერებულები, თუ რა პროცედურები სჭირდება მათი ბიზნესსაქმიანობის საბანკო კრედიტის ხარჯზე გაფართოებას", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მხოლოდ საბაზო მექანიზმებით და იძულებით, სოფლის მეურნების დაკრედიტება ვერ მოხდება.