დამასკოში მომხდარი ტერაქტების მსხვერპლის რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. ასევე ბოლო მონაცემებით, დაჭრილია 372 კაცი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
ორი აფეთქება დილით, დამასკოს საერთაშორისო აეროპორტში მიმავალ ტრასაზე მოხდა, აფეთქებების შემდეგ გაიხსნა ცეცხლი. აფეთქებები სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ხალხი სამსახურში, ხოლო მოსწავლეები სკოლებში მიდიოდნენ.
აფეთქებების ხასიათის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთი ვერსიით, რომელსაც ძირითადად ბაშარ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე ოპოზიცია ავრცელებს, აფეთქებები თავად მმართველმა რეჟიმმა მოაწყო, რომელიც ასე ცდილობს "შეაშინოს საერთაშორისო დამკვირვებლები და დაადასტუროს თავისი განცხადებები ქვეყანაში "ალ-ქაიდას მოქმედების შესახებ".
მეორე ვერსიით, აფეთქებები ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომლებიც დანაღმული ავტომობილების საჭესთან იმყოფებოდნენ.