სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია კახეთის რეგიონში, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში იმყოფებოდა, სადაც ნახევარ ჰექტარ ფართობზე გაშენებული მარწყვის პლანტაცია დაათვალიერა. გასულ წელთან შედარებით, ფერმერები მარწყვის უხვ მოსავალს და მისი რეალიზაციით მიღებულ გაზრდილ შემოსავალს ვარაუდობენ.
მინისტრი ხეხილის მწარმოებელ ფერმერებსაც შეხვდა და სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარების აუცილებლობაზე ესაუბრა. ზაზა გოროზიამ მათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებიც გააცნო, რომლის ფარგლებშიც მოხდა თანამედროვე სარწყავი სისტემების დანერგვა, მოეწყო ხილისა და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობები, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურები. აშენდა ფერმერთა მომსახურების ცენტრები, სადაც ისინი ყველა საჭირო მომსახურების მიღებას შეძლებენ. მინისტრმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის სწრაფი განვითარებისთვის ფერმერთა გადამზადების საჭიროებაზე ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს ზაზა გოროზიამ ფერმერების შეკითხვებსაც უპასუხა.
„კახეთის ნიადაგი და კლიმატური პირობები საუკეთესო გარემოა მრავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოსაყვანად. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია მარწყვი, რომლის მოსავალიც წელს განსაკუთრებით დიდია. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ასეთ პროდუქტს შესაბამისი შენახვის პირობები სჭირდება, რომ მისი რეალიზაციისგან მოგებაც შესაბამისი იყოს. ამ მიზნით, სამინისტროს შემოაქვს პროდუქტის შენახვის ახალი ტექნოლოგიები, სამაცივრე მეურნეობები და სწარფგამყინავი დანადგარები. ეს ახალი ტექნოლოგიები პროდუქტის თანამედროვე სტანდარტებით შენახვის შესაძლებლობას იძლევა, რაც აუცილებლად განაპირობებს გაზრდილ შემოსავალს ფერმერებისთვის", აღნიშნა ზაზა გოროზიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი გლეხებთან და ფერმერებთან მსგავსი ტიპის შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში გამართავს.