10 მაისს, 19:00 საათზე გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება ახალგაზრდა ხელოვანის, მოლი თოფურიძის ფოტოგამოფენა სახელწოდებით „იქ სადაც სიყვარულია სიცოცხლეც იქ არის".
მაჰათმა განდის ეს გამონათქვამი ახალგაზრდა ხელოვანის მიერ აღქმული ინდური ყოფის გამოხატულებას წარმოადგენს. „ეს სამყაროა რაც მე ინდოეთში ინდურ ფერებში შევიგრძენი" - ამბობს მოლი გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შესახებ.
მოლი თოფურიძე, ახალგაზრდა მხატვარ დიზაინერი, ფოტოხელოვანი, თბილისის სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნებისა და ვიზუალური კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია; პარალელურად პროფესიული სწავლების კურსები გავლილი აქვს ნიუ იორკში ვიზუალური ხელოვნების სკოლაში (SVA), პარსონის Parsons New School -ში, Cooper Union-ში;
ფოტოგამოფენა „იქ სადაც სიყვარულია სიცოცხლეც იქ არის" ხელოვანის მეორე პერსონალური გამოფენაა, პირველი გამოფენა „თვალის შევლებით", მხატვრის ამერიკისეულ შემოქმედებით გამოცდილებას წარმოადგენდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრ კონკურსში და ჯგუფურ ფოტოგამოფენაში.
გამოფენა გაგრძელდება 13 მაისის ჩათვლით.