დღეს, 10 მაისს, 09:00 საათზე, ბათუმის "შერატონში" გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) საერთაშორისო სემინარი - "ტურისტული ადგილების ბრენდინგი თანამედროვე მსოფლიოში" გაიმართება. სპეციალურად აღნიშნული ღოისძიებისთვის მსოფლიოში ცნობილი სპიკერები ეწვევიან ბათუმს და განსაკუთრებით აღსანიშნავია CNN-ის წამყვანი კონსულტანტი ანიტა მინდერატას ვიზიტი.
როგორც ცნობილია, ბათუმში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ევროპის კომისიის 54-ე შეხვედრა და საერთაშორისო სემინარი მიმდინარეობს. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობს დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 25-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის პირი.
ბათუმში შეხვედრის მთავარი მიზანია უახლოესი 2 წლის განმავლობაში ევროპის რეგიონში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტების მიმართულების განსაზღვრა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ტალიბ რიფაი ტურიზმის მინისტრების წინაშე წარდგება ანგარიშით, პირველად საქართველოში გაჟღერდება ევროპის რეგიონის გრძელვადიანი პროგნოზი 2030 წლამდე.
საქართველო როგორც ღონისძიების მასპინძელი 2011 წლის ოქტომბერში სამხრეთ კორეაში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე აირჩიეს. აღნიშნულ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსთვის არამედ მთელი რეგიონისთვის, რაც უფრო გაზრდის საქართველოს ტურისტულ ცნობადობას ევროპის მაშტაბით.
შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ევროპის ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებული ფორმალობების გამარტივებაა.