ხვალ, 10 მაისს, ქართველი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტის, მიხეილ ასათიანის დაბადებიდან 130 წელი სრულდება. მეცნიერული ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მიხეილ მიხეილის ძე ასათიანი 1882 წლის 10 მაისს თბილისში დაიბადა.
1907 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო იმავე უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრაზე. 1911 წელს თავის მასწავლებელ პროფ. ვ. სერბსკისთან ერთად დატოვა უნივერსიტეტი განათლების მინისტრის კასოს რეაქციულ მოქმედებათა წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მუშაობდა მოსკოვის ნევროფსიქიატრუიულ სანატორიუმში და რედაქტორობდა ჟურნალ "პსიხოტერაპიას". 1917 წელს აირჩიეს მოსკოვის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტად. 1920-1938 წლებში მუშაობდა თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის (1930-იდან საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის) ფსიქიატრიის კათედრის გამგედ. 1925 წლიდან გარდაცვალებამდე, ხელმძღვანელობდა თავისივე თაოსნობით დაარსებულ ფსიქიატრიის ინსტიტუტს, რომელსაც 1948 წელს მისი სახელი მიენიჭა. აღსანიშნავია ასათიანის გამოკვლევები ფსიქიატრიის აშლილობათა ფიზიოლოგიის მექანიზმების დასადგენად. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ფსიქიატრიაში მოძღვრება პირობითი რეფლექსების შესახებ. მასვე ეკუთვნის ფსიქოთერაპიის ორიგინალური ე. წ. "რეპროდუქციულ განცდათა" მეთოდი.
ასათიანი 1938 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა.