ექს-პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა, ლიბერალის თამაშს არ აპირებს. ამის შესახებ, პრაქტიკულად, უნისონში საუბრობენ ექსპერტები, როგორც დასავლეთში, ასევე რუსეთში.
"მიუხედავად იმისა, რომ "ედიანაია როსიამ" სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის "გათრევა" პრემიერად სხვა პარტიების მხარდაჭერის გარეშეც შეძლო, პარლამენტში დამტკიცება მედვედევისთვის მაინც დიდი სირთულე იყო ", - წერს "Der Standard"-ი და აგრძელებს: იგი იძულებული გახდა, საჯაროდ ეთქვა უარი თავის ლიბერალურ იმიჯზე, რომელზედაც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, იმისთვის, რათა "კრემლის პარტიის" რეალურ დახმარებას დაჰყრდნობოდა. როგორც თავად მედვედევმა აღიარა, ის ყოველთვის კონსერვატორად გრძნობდა თავს და არა ლიბერალად.
რუსი პუბლიცისტი სტანისლავ კუჩერი სულაც არ უწოდებს მედვედევს უბრალო "კარიერისტს". მისი თქმით, იდეოლოგიას ახალი პრემიერის ცხოვრებაში როლი არასოდეს შეუსრულებია, მისთვის მთავარი იყო, ელიტაში დარჩენილოყო.
"მედვედევის სიტყვით გამოსვლაში აშკარად თვალშისაცემია ის, რომ ძირითადი პრიორიტეტები კოორდინირებულია იმ სტრატეგიულ დავალებებთან, რომლებსაც ხელს აწერდა ვლადიმერ პუტინი ინაუგურაციის შემდეგ. დღეს კი მედვედევის, როგორც პრემიერ-მინისტრის, დეკლარაციები სწორედ პუტინის წინასაარჩევნო სტატიების ჩარჩოებში იყო", _ აცხადებს პოლიტოლოგი მიხაილ რემზინი.
პოლიტოლოგი დიმიტრი ორლოვი დარწმუნებულია, რომ მედვედევმა თავდაცვითი კომპლექსის მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე საუბრით "დაადასტურა სამხედრო ხარჯების პრიორიტეტი" და კვლავ დაადასტურა თავისი განცხადება იმის შესახებ, რომ ლიბერალი არ არის.
ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მედვედევმა პრემიერის სავარძელი დიდი ხნით დაიკავა და პერსპექტივაში ისეთი მძიმეწონიანების რიგში ჩაგდება, როგორებიც არიან ევგენი პრიმაკოვი და ვიქრორ ჩერნომირდინი.
"მედვედევი სერიოზული პოლიტიკოსია. ტყუილად როდი თქვა ჟირინოვსკიმ, რომ მედვედევი პრემიერის თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატია, იმიტომ, რომ მას უზარმაზარი გამოცდილება აქბს. ასე რომ, ის სერიოზულად და დიდი ხნით მოვიდა", _ აცხადებს ორლოვი.
პოლიტოლოგი ევგენი ხომიაკოვი მიიჩნევს, რომ მედვედევი პრემიერი დიდი ხნის განმავლობაში იქნება, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა რამე ექსტრაოდინალური, 1998 წლის მსგავსი. "მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედვედევს მოჰბეზრდება, თავად წავა. ჯერჯერობით კი საკმაოდ მყარად გამოიყურება პრემიერის პოსტზე. ჯერჯერობით მის თავზე არც ღრუბელი იყრის თავს", _ აცხადებს ექსპერტი.
ამავე დროს, მიხაილ რემიზოვი უშვებს, რომ, შესაძლოა, უახლოეს წლებში პრემიერ-მინისტრი შეიცვალოს. "რა თქმა უნდა, ამის გამორიცხვა არ შეიძლება , იმიტომ, რომ დღეს მედვედევმა და პარტია "ედინაია როსიამ" მისი სახით საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება მისი საქმიანობა", _ აცხადებს პოლიტოლოგი და აღნიშნავს, რომ დღეს მედვედევს აქვს გარკვეული კარტბლანში, რომლის გამო იგი თავს საიმედოდ გრძნობს.
"მას აქვს გარკვეული ნდობის კრედიტი პრეზიდენტის მხრიდან. ყველაფერი მის ხელშია და ხილულ მომავალში მას შეუძლია თავი საიმედოდ იგრძნოს",_ აცხადებს ექსპერტი.