თბილისის მერიამ კომპანია "გრინსერვისთან" ხელშეკრულება გააუქმა. კომპანია "გრინსერვისის" მიერ შესყიდულ კიპარისის ნერგებთან დაკავშირებით, დღეს თბილის მერმა გიგი უგულავამ მერიაში თათბირი გამართა, რომელსაც გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქორქაშაშვილი და სხვა თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
გიგი უგულავას განცხადებით, კომპანია "გრინსერვისმა" სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად შეასრულა და საკითხი სამართალდამცავ ორგანოებს დამატებით შესასწავლად გადაეგზავნება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ოთხმეტრიანი კიპაროსის ნერგებისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. 120 კიპარისის ნერგი და თანმდევი მომსახურება თბილისის მერიამ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გრინსერვისისგან" 225 000 ლარად შეისყიდა.
კომპანიის მიერ აღნიშნული შესყიდვის ფასის ადეკვატურობასთან დაკავშირებით ეჭვი ორგანიზაცია "საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" გამოთქვა.
თბილისის მერია მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საკითხით დაინტერესებისთვის. მერიაში აცხადებენ, რომ სატენდერო პროცედურების დაცვის მიუხედავად, კომპანია "გრინსერვისმა" პროდუქციის შესყიდვა ობიექტურ ღირებულებაზე დაბალ ფასად მოახდინა, რაც ასახული არ იყო კომპანიის მიერ მერიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერია აუქმებს კომპანია "გრინსერვისთან" ტენდერის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს. გაუქმებული მომსახურებების ხელახალ შესყიდვაზე ტენდერი 10 მაისს გამოცხადდება.
გამარჯვებულების გამოვლენისთანავე, თბილისის მერია შეწყვეტს კომპანია "გრინსერვისთან" ყველანაირ საქმიან ურთიერთობას.
თბილისის მერის ინიციატივით, მსგავსი პრეცედენტების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, მერიაში შეიქმნება სპეციალური განყოფილება, რომელიც შესასყიდი პროდუქციის ობიექტურ, საბაზრო ღირებულებას შეისწავლის და მკაცრად გააკონტროლებს მას.
მასალა კიპაროსების შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გამოქვეყნა. როგოროც მასალაშია აღნიშნული. ქალაქის მერიამ ბარათაშვილის ქუჩაზე 120 კვიპაროსი დარგო და თითო ნერგი 990 ლარი დაჯდა.
შპს "გრინსერვისის" მფლობელები არიან ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე. ლაშა ფურცხვანიძე თბილისის მერის ყოფილი მოადგილე და ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელია, ხოლო კობა ხარშილაძე - იმავე რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე.