კახის რაიონის სოფელი გილლუქი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად სოფელში 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი სერიოზულად დაზიანდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება ჰერეთიდან, ზაქათალას რაიონში 200-ზე მეტი კარავია გაშლილი. კარვებში ის ადამიანები ცხოვრობენ, რომელთა სახლები ჩამოინგრა ან საცხოვრებლად საშიში გახდა.
მისივე ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სარეზერვო ფონდიდან მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 20 მლნ მანათი გამოყო.
დაზარალებულებს შეუძლიათ დარეკონ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცხელ ხაზზე, რომლის ნომერია 112. ცხელი ხაზი მუშაობს ბელაქანის, ზაქათალას და კახის რაიონებშიც. ბელექანის შტაბი - (0119) 5 12 19; ზაქათალას შტაბი - (012) 512 90 14 512 90 08; კახის შტაბი - (0144) 5 41 41;
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში,ზაქათალას რაიონში ძლიერი მიწისძვრა 7 მაისს მოხდა. მიწისძვრა 08:40 საათზე დაფიქსირდა და მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე რიხტერის შკალით 5.7 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის შედეგად კახის რაიონში სოფლების ალათემურის და მეშაბაშის ქართული სკოლის შენობებიც დაზიანდა. მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა საქართველოშიც, განსაკუთრებით კი კახეთში.