ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგის" ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, "მიმდინარე წლის აპრილში ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგმა" განახორციელა კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ იმპორტირებული A-91 რეგულარი ტიპის ბენზინის ხარისხობრივი შემოწმება და სერტიფიცირება. სინჯების აღება მოხდა თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარე სოკარის ავტოგასამართი სადგურებიდან.
"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ავტოგასამართ სადგურებზე რეალიზებული რეგულარის ტიპის ბენზინის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა შემდეგი ფიზიკურ-ეკოლოგიური მახასიათებლები: ოქტანური რიცხვი რეალურად შეადგენს 92,6-92,9 ერთეულს (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არანაკლებ 91 ერთეულისა); ტყვიის შემცველობა მასში ფაქტობრივად არ არის - 0,0008 - 0.0010 ერთეული (მოქმედი კანონმდებლობით - უნდა იყოს არა უმეტეს 0,005 ერთეულისა); არომატული ნაერთების მოცულობითი წილი შეადგენს 28,3 - 29,0 პროცენტს (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 42 პროცენტისა); ბენზოლის მოცულობითი წილი არის 0.97 - 1,00 პროცენტამდე (მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 3 პროცენტისა); გოგირდის შემცველობა არის 8-42 ერთეული (მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 250 ერთეულისა).
შემოწმებული საწვავი არა მარტო სრულად შეესაბამება საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, არამედ საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, რაც ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია საწვავში გოგირდის მეტისმეტად მცირე შემცველობა.