სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველების მონაწილეობით დედოფლისწყაროს საზღვრისპირა ტერიტორიებზე კალიების გავრცელების გამოკვლევების ძირითად პრინციპებთან დაკავშირებული რეგიონალური სწავლება გაიმართა.
საველე ტრენინგში მონაწილეობას ქართველ სპეციალისტებთან ერთად აზერბაიჯანელი და სომეხი მცენარეთა დამცველებიც იღებდნენ. ღონისძიება FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) პროექტის "კალიების კონტროლის გაუმჯობესება ამიერკავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში" - ფარგლებში განხორციელდა.
ტრენინგში ასევე მონაწილეობდა FAO-ს ექსპერტი საიდ ლაგნაუი. ძირითადი განსახილველი თემები იყო სანავიგაციო სისტემების გამოყენების შესწავლა, მათი დახმარებით გამოკვლეული ფართობების აღნიშვნა და გამოანგარიშება, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა, რუკაზე დატანილი კოორდინატების განსაზღვრა, განსაზღვრული ფართობების მოძიება და გამოკვლევებისათვის საჭირო სხვა ქმედებები.