18 მაისს ქ. პარიზის საკონცერტო დარბაზ "სალ პლეიელში" პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები შეასრულებენ პატრიარქის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს, ასევე წარმოადგენენ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშებს.
კონცერტში მონაწილეობენ პაატა ბურჭულაძე, იანო ალიბეგაშვილი, ნანა ქავთარაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, თამარ გვერდწითელი, მარიამ როინიშვილი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, თეონა დვალი, ანსამბლი "შვიდკაცა" და სხვები.
პროგრამაშია ქართული საგალობლებიც საპატრიარქო გუნდის, თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდისა და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შესრულებით.
კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა მოხმარდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს.