7 მაისს ევროპის კვირეულის ფარგლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ესტუმრა. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილიც ესწრებოდა.
"მოხარული ვარ, რომ ევროპის კვირეულში თსუ-ც ჩაერთო. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები პირველწყაროდან მიიღებენ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ. საქართველოს ურთიერთობა ევროპასთან პრიორიტეტულია ქვეყნის განვითარების გზაზე"- განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
გიორგი ბარამიძემ სტუდენტებთან საქართველოს მნიშვნელოვან საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ევროსტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება საქართველოს ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება. „ახალგაზრდები კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ევროკავშირთან ურთიერთობებზე: „რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რა მიზნებს ისახავს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და საბოლოო ჯამში რას მოუტანს ეს ჩვენს საზოგადოებას"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. თსუ სტუდენტები დაინტერესდნენ ევროკავშირში გაწევრიანების ხელისშემშლელი ფაქტორებით, ევროკავშირის ქვეყნებში ქართველ სტუდენტთა სწავლის დაფინანსების საკითხებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებითა და საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობებში შესაძლო ცვლილებებით.
"ევროპის კვირეული" თბილისში ყოველწლიურად ტარდება. წელს კვირეული „ევროპის სახლში" გაიხსნა და 30 მაისამდე გასტანს.